დავით უსუფაშვილი პარაგვაის სენატორთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად პარაგვაის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველმა კანონმდებლებმა ვიზიტის მეორე დღე პარაგვაის სენატორთა პალატის თავმჯდომარე, ბლას ანტონიო ლანოსთან შეხვედრით დაიწყეს.
შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სასარგებლო და ნაყოფიერი ურთიერთობების დამყარება როგორც საქართველოსთვის ასევე პარაგვაისთვისაც საინტერესო პროცესს წარმოადგენს.
„იმედი მაქვს, ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო დააჩქარებს 4 წლის წინ დაწყებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს და ეს შეხვედრაც საფუძველს ჩაუყრის საპარლამენტო დონეზე ჩვენს თანამშრომლობას“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
სენატის პალატის თავმჯდომარეს ქართულმა დელეგაციამ საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ბლას ანტონიო ლანოსი სხვადასხვა მიმართულებებით საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა და საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარაგვაელი კოლეგა სიამოვნებით მოიწვია საქართველოში. შეხვედრაზე სენატის პალატის თავმჯდომარემ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის პირობა დადო და აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით უხელმძღვანელებდა აღნიშნულ ჯგუფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები