თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 2 დღეში 800-ზე მეტი ბიძგი მოჰყვა
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარ 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრას, ორ დღეში 800-ზე მეტი შემდგომი ბიძგი მოჰყვა.
ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მათგან 17-ის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდას აღემატებოდა.
მთავარ მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და სულ მცირე, 29 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 16 შენობა სრულად დაინგრა, ხოლო 193-ში სერიოზული დაზიანებებია დაფიქსირებული. ასევე, დაზიანებულია მეჩეთის მინარეთიც.
სამძებრო-სამაშველო და უსაფრთხოების სამუშაოები დასრულებულია. მოსახლეობას რეკომენდაცია გაეცა, დაზიანებულ შენობებში არ შევიდნენ. ხელისუფლებამ რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის იმ სახლის მფლობელი და მშენებელი, რომლის ნგრევასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ბალიქესირის მიწისძვრა იგრძნობოდა სტამბოლშიც. სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ შემდგომი ბიძგები რეგიონში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.