არქეოლოგებმა ბაგინეთში II-III საუკუნეებით დათარიღებული ათამდე ნაგებობა აღმოაჩინეს

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არმაზციხე-ბაგინეთში ახ.წ. II-III საუკუნეებით დათარიღებული ათამდე ნაგებობა გამოავლინა- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ნაგებობები ერთგვარი ტექნოლოგიით არის აგებული: ქვის საფუძველზე ალიზის აგურებით ამოყვანილი კედლები, როგორც ჩანს, ბრტყელი და ღარიანი მცხეთური კრამიტით იყო გადახურული. ნაგებობები ერთმანეთთან საკარე ღიობებითაა დაკავშირებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა მეფის მცველი რაზმის სადგომი ყოფილიყო. ძეგლის შესწავლისას არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ამავე პერიოდის მინისა და კერამიკის ჭურჭელი: დოქები, ხელადა, ქოთნები და სხვა. აგრეთვე აღმოჩენილია ძვლის საწერი სტილოსი, რომელსაც ჩვენი წინაპრები გასანთლულ დაფაზე დასაწერად იყენებდნენ. წინა წლებში გამოვლენილ ნივთებთან ერთად, წლევანდელი აღმოჩენაც მეფის კარზე მწიგნობრობის განვითარებას ადასტურებს, რაც თავის მხრივ, ქალაქური კულტურის მაღალი დონის მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები