ბექა დავითულიანი: კასიანოვის მოთხოვნა ამ ტონალობით არცერთ ეტიკეტში არ ჯდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.
„საქართველო არ არის ნატოს წევრი, საქართველოს არ იცავს არცერთი უსაფრთხოების ქოლგა, გარდა საკუთარი ჯარისა და ხელისუფლებისა. აგვისტოს ომის მსგავსი უსაფრთხოების რისკები რომ არ გავუმეოროთ ამ ქვეყანას, ჩვენ ვატარებთ იმ პოლიტიკას, რასაც ვატარებთ, ხოლო კასიანოვის მოთხოვნა ამ ტონალობით არცერთ ეტიკეტში არ ჯდება. ეს არის მოთხოვნა და არა თხოვნა. საერთოდ, მეგობრული ჟესტია, როდესაც ვიღაცას რაღაცას სთხოვ და ამ თხოვნის შემდეგ მის თანხმობას ან უარს ელოდები“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.
ცნობისთვის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. გარდა ამისა, უკრაინამ ითხოვა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ები. მისივე თქმით, ამ კომპლექსებთან დაკავშირებით არსებობდა არამხოლოდ აშშ-ს თანხმობა, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც.