ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც საბედნიეროდ, ჩავარდა და ზელენსკისაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ

უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც საბედნიეროდ, ჩავარდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას.

მისი თქმით, ზელენსკისაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ვინც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანა, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად. მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და ამ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის უცხოურ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები