სამხატვრო აკადემიაში FEST I NOVA 2022-ის შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – FEST I NOVA 2022 – Paradisiac შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„Paradisiac ყოველდღიური ესთეტიკის ნარჩენია, რომელსაც აღარ აქვს ისტორია და წარმოშობის ადგილი. ეს არის სოციალურ გარემოს მოწყვეტილი, განუსაზღვრელი და კონტექსტიდან ამოვარდნილი სურათი. სამოთხისებური მდგომარეობა გულისხმობს ამ გამოსახულების პირობით ნარატივში მოქცევას, მის კრისტალურ ფორმას, რომელიც ნარჩენის ხელახლა წარმოდგენის მცდელობაა. ეს არის ერთგვარი შემოქმედებითი ეკოლოგია – იმ ურბანული სურათების, ობიექტებისა და მოვლენების გადამუშავება, რომლებმაც უკვე განიცადა სოციალური სიკვდილი. ამ ტიპის ნარჩენების კვლევის შედეგად იქმნება ეგზისტენციალური სტილი. ის შეიძლება გავიგოთ, როგორც კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ხელოვნება დამსწრეა კულტურის შემდგომი – საწყისიდან მოწყვეტილი და ურბანულ ჰორიზონტზე გაშუქებული ცხოვრების.
ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი წლების განმავლობაში იმართებოდა არტვილა გარიყულაში, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კი თბილისში გადმოინაცვლა და შემოქმედებითი პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე სამინისტროს მიერ ფესტივალისთვის დათმობილ ალტერნატიულ სივრცეში – ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ფესტივალის შემაჯამებელ გამოფენას კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ წელს პირველად უმასპინძლა.
FEST I NOVA 2022-ის ვექტორების წარმოსაჩენად და მრავალფეროვანი ვიზუალური სპექტრის საჩვენებლად შეირჩა ათი ნამუშევარი. აკადემიის სპარსულ ოთახებში გამართული გამოფენა, რომელიც თავად არის ისტორიის ანარეკლი, აერთიანებს ნამუშევრებს, რომლებიც განსხვავებულია როგორც იდეურად, ასევე თემატურად. ისინი ტრანსგრესიული გამოსახულებებიდან ცოცხალ ურბანულ წარმონაქმნებამდე იცვლება და უახლესი ესთეტიკის კრიტიკულ წერტილებად იქცევა.
გამოფენაში მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: ნიკა კოპლატაძე, ნიკიტა ანთელავა, სალომე ბოჭორიშვილი, ლიზა კვანტალიანი, თამა კვანტალიანი, ქეთი დანდუროვი, ნანუკა სიამაშვილი, გიორგი შიოშვილი, მარია დელ რუსო, ანო კატაშვილი, ქეთევან დავითაშვილი, ნისა სამადბეგიშვილი, მაკო ლომაძე“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამოფენა 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები