დავით სონღულაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ყოფილ წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფრანგეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით სონღულაშვილი  და მეგობრობის ჯგუფის წევრები, საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ყოფილ წევრებს და კახეთი-იონის ფრანგული სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ქართველმა კანონმდებლებმა, ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და ურთიერთობების განმტკიცების კუთხით, ფრანგი სენატორების განსაკუთრებული დამსახურება აღნიშნეს.

„შეხვედრისას, ორი ქვეყნის პარლამენტების და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრებმა საფრანგეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატეს.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, 2023 წელს საქართველო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის ყოველწლიურ პლენარულ სესიას უმასპინძლებს, სადაც საქართველოს წევრად არჩევის საკითხი განიხილება.

საფრანგეთის სენატის ყოფილმა წევრებმა თავის მხრივ, სრული მხარდაჭერა დააფიქსირეს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მიმართ და აღნიშნეს, რომ ისინი რჩებიან საქართველოს და ქართველი ხალხის ახლო მეგობრებად და ერთგულ მხარდამჭერებად. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები