მიხეილ სარჯველაძე: ამბავი შექმნეს, გაავრცელეს და მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხს კუდები უსაფუძვლოდ მიაბეს
ამბავი შექმნეს, გაავრცელეს და უაზროდ დიდი აჟიოტაჟი მოყვა აბსოლუტურად უსარგებლოდ, როცა ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხზე, ამას კუდები მიაბეს სრულიად უსაფუძვლოდ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრებს მოქალაქეობის შეწყვეტის მუქარა უსაფუძვლოდ დააბრალეს.
“ამბავი შექმნეს, გაავრცელეს და უაზროდ დიდი აჟიოტაჟი მოყვა აბსოლუტურად უსარგებლოდ, როცა ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხზე, ამას კუდები მიაბეს სრულიად უსაფუძვლოდ, არავითარი საჭიროება რომ არსებობდა, რადგან თუ რამე სათქმელია, არავინ არავის დაზარდება, რომ ისაუბროს და არავითარი მინიშნება საჭირო არ არის. ითქვა ერთი რამ მარტივად, რომ არ შეიძლება სახელმწიფო იყოს წამხალისებელი მოხალისეების უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის და ეს აბსოლუტურად მართებულია, ამას აკეთებს არამარტო ქართული სახელმწიფო, არამედ აშშ, დიდი ბრიტანეთი, სახელმწიფოები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ლამის საომარ მოქმედებებში, ლამის, ამას ხაზგასმით ვამბობ. ასეთ ვითარებაში, ჩვენი სახელმწიფოც ვერ გამოვა და ღიად ვერ მოუწოდებს ვიღაცას, ვერ წაახალისებს, წადით და იბრძოლეთ რომელიღაც სახელმწიფოშიო. კანონმდებლის მიდგომაა, რომ აჩვენოს და დაასახელა მაგალითად მოქალაქეობის შესახებ კანონი, რომელშიც წერია, რომ მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს ეს ლეგიტიმურად და ეს არავითარ შემთხვევაში საფუძველს არ ქმნის იმისთვის, რომ დააბრალო ვინმეს, რომ ეს მოქალაქეობის შეწყვეტით დამუქრებაა და ა.შ. აბსურდია ეს ყველაფერი.
არ შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ითარგმნოს და გაიგივებული იქნას კეთილსინდისიერი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვალი დავხუჭოთ, როცა კითხვებია პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ხელფასის გადახდას ადამიანისთვის, ვინც მოხალისედ ეწერება და მიდის უკრაინაში საბრძოლველად, ეს ფაქტები არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუფასებელი რჩება ამ შემთხვევაში პათოსი და კეთილსინდისიერი განწყობები, რომელიც შეიძლება ამოძრავებდეს არაერთ ადამიანს და ძალიან დიდ ნაწილს იქ ჩასული ადამიანებისა,”- განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს ქმნის, თუმცა კანონი არ ეხება მოხალისეებს.