რაქვიაშვილი: “სტრატეგია აღმაშენებლის”, “დროას” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” გაერთიანება ყველაზე უიდეოა ჩვენს თანამედროვე პოლიტიკაში, მალე დაიშლება

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უიდეო გაერთიანება ჩვენს თანამედროვე პოლიტიკაში. ძალიან უჭირთ, აქტუალურები იყვნენ, – ასე აფასებს „გირჩის“ დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა” და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ „ნაციონალური მოძრაობაში“ შეხვედრას.

მისი თქმით, სამივე ოპოზიციური პარტია “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველზე მუშაობს.

„ყველა მათი წინა აქტივობა უკვე დავიწყებულია და ახლა ცდილობენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდნენ, რაც ბუნებრივია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველზე უფრო მუშაობენ, ვიდრე სხვა ამომრჩეველზე. იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი ახლა ძალიან აქტიურად განიხილება მედიაში, ასე ცდილობდნენ პოლიტიკაში დარჩენას. ასეთი ქცევა მოსალოდნელი იყო, მაგრამ არ ველოდები, რომ მათი მხრიდან რაიმე საინტერესო მოქმედება და გადაწყვეტილებები იქნება მომავალში. სიტყვიერ დონეზე რადიკალიზმის სურვილი იქნება, მაგრამ არ მჯერა, რომ ამომრჩეველი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალური ამომრჩეველი, მათ რადიკალიზმს დაიჯერებს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ითანამშრომლებს თუ არა „გირჩი“ მათთან, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ვიდრე ოპოზიციური პარტიები გულწრფელ საუბარს არ დაიწყებენ, რაიმე სახის თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება.

„ეს ხალხი ვიდრე გულწრფელ ლაპარაკს არ დაიწყებს, რა უნდათ და როგორ იქცევიან, რაიმე თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფებში ახლა რომ ირკვევა, ვაშაძის მხრიდან პირდაპირ ტყუილი იყო ნათქვამი. ეს ადამიანები პირველები არიან, რომლებიც საუბარს გაურბიან, ოღონდ სიტყვიერ დონეზე სულ ამბობენ, რომ საუბრისთვის მზად არიან. ასეთი არაგულწრფელი პოზიცია ვიდრე დარჩება, ეჭვი მეპარება, ვინმესთან, თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა გამოუვიდეთ. ეჭვი მეპარება, რომ„ქართულ ოცნებას“ ამ ხალხისგან რაღაც ახალი მტრის ხატის დახატვა გამოუვა. მათ არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აქვთ განსაკუთრებული მხარდაჭერა, არც დანარჩენ ოპოზიციაში, უბრალოდ, რაღაც პერიოდი გააგრძელებენ ამ რადიკალური განცხადებების გაკეთებას იმის იმედად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის გულს მოიგებენ. დროებითი ამბავია და ეს გაერთიანება მალევე დაიშლება. შემდეგ რაღაც ახალს მოიგონებენ, რომ პოლიტიკურ ველზე გადარჩნენ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები