ფინეთმა უკრაინას 5 სასკოლო ავტობუსი გაუგზავნა
ფინეთმა უკრაინას დაპირებული 20 სასკოლო ავტობუსიდან პირველი 5 გაუგზავნა.
როგორც ქვეყნის შსს-ში განაცხადეს, წლის ბოლომდე მეტი ავტობუსის გაგზავნა იგეგმება.
აღნიშნულია, რომ შემოწირულობა ევროკომისიის სოლიდარობის კამპანიის ნაწილია.
რუსეთის ომმა უკრაინაში, დაახლოებით, 5,7 მილიონი სკოლის მოსწავლე დააზარალა, დაბომბვის შედეგად კი ბევრი სკოლა განადგურდა.
“რუსეთმა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები გააძლიერა. ნგრევა არის მნიშვნელოვანი და უკრაინას მრავალი სახის დახმარება სჭირდება. მაგალითად, ქვეყანას არ აქვს გამართული ტრანსპორტი. ფინეთმა ასევე გაგზავნა მედიკამენტები, სამედიცინო მასალები და დახმარება ენერგეტიკის სექტორში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თხოვნების მოსმენას და გავუწევთ შესაბამის დახმარებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დახმარება შემოგვთავაზა“, – განაცხადა ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტა მიკონენმა.
ომის დაწყებიდან ფინეთმა უკრაინას სამოქალაქო მატერიალური დახმარების 50 სატვირთო გაუგზავნა, 4 კი – მოლდოვას.
ფინეთმა ასევე გაგზავნა 6 სახანძრო და 13 სასწრაფო დახმარების მანქანა. მატერიალური დახმარების ფულადი ღირებულება 4 მილიონ ევროზე მეტია.
ახლა მზადდება დახმარების რამდენიმე პარტია, რომელთა საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონი ევროა.