On Replay – „ბზიკების“ სიმღერა, რომლითაც ჯგუფი საქართველოს ევროვიზია 2026-ზე წარადგენს
ევროვიზია 2026-ზე საქართველოს „ბზიკები“ წარადგენენ.
ჯგუფის საკონკურსო სიმღერა, სახელწოდებით On Replay, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
სიმღერის კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტი კი ლიზი ჯაფარიძეს, იგივე ლიზი პოპს ეკუთვნის.
ვიდეოკლიპზე ზაზა ორაშვილმა იმუშავა. პირველი არხის ცნობით, მუსიკის თემა „ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ეპოქაში ადამიანის როლია“ და, როგორც ორაშვილი ამბობს, ვიდეორგოლიც ამ კონცეფციას ეფუძნება: „რომ ციფრული ტექნოლოგიების დომინირების ეპოქაში ადამიანი უნდა დარჩეს ადამიანად“.
ჯგუფმა „ბზიკებმა“ – მარიამ კიკუაშვილმა, გიორგი შიოლაშვილმა და მარიამ თათულაშვილმა – საქართველოს პირველი გამარჯვება 2008 წელს, საბავშვო ევროვიზიაზე მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის წლევანდელი სიმღერის კონკურსი ვენაში 12, 14 და 16 მაისს გაიმართება. მასში მონაწილეობას 35 ქვეყანა მიიღებს.