ირანში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, თურქულმა გემმა ჰორმუზის სრუტე პირველად გაიარა
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის შემდეგ, თურქეთის საკუთრებაში არსებული პირველი გემი ჰორმუზის სრუტეში გავიდა.
“ჰორმუზის სრუტეში 15 გემი გვყავდა. ირანის ხელისუფლებისგან ერთ-ერთი მათგანის ტრანზიტის ნებართვა მივიღეთ, რადგან ის ირანის პორტს იყენებდა. ვცდილობთ, ირანულ მხარესთან კონტაქტი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მოვლენების გამო, იქ უსაფრთხოების უმაღლესი დონე გამოაცხადეს.
“შემიძლია დავადასტურო, რომ იქ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები არ არიან, მაგრამ ჩვენი მთავარი სამძებრო-სამაშველო ცენტრის მეშვეობით მუდმივ კონტაქტზე ვართ თურქეთის საკუთრებაში არსებულ გემებთან. ამჟამად, იქ გადასვლას 14 თურქული გემი ელოდება და მათ ამჟამად არანაირი პრობლემა არ აქვთ. სულ, სრუტეში სხვადასხვა კლასის დაახლოებით 800 გემია, მათ შორის ექვსი საკრუიზო გემი“, – დასძინა მან.