ვახტანგ ცინცაძე: „ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო”

2026 წლის თებერვალში ექსპორტი, წინასწარი მონაცემებით, 26.5%-ით გაიზარდა და თებერვლის თვის რეკორდულ მოცულობას – 545.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ასევე საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება საგარეო სავაჭრო ბრუნვის კუთხით და რეკორდულია მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ექსპორტის მოცულობაც, რომელმაც 1,026.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.9%-ით არის გაზრდილი.

„აღნიშნულ ტენდენციებს განაპირობებს ის მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც საქართველოს მთავრობას გააჩნია მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, რომლის შედეგადაც ქვეყანაში იზრდება ადგილობრივი წარმოება და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს გააჩნია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან.

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო გავხადოთ უფრო მიმზიდველი, რათა საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზარზე ოპერირება იყოს კონკურენტუნარიანი და ეს, საბოლოო ჯამში, აისახოს როგორც დასაქმებულთა რაოდენობის, ასევე მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე” – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები