ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთის მიერ ტრანსგენდერი პირებისთვის დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის აკრძალვა ევროპულ კანონმდებლობას არღვევს – The Telegraph
ბულგარეთის მიერ ტრანსგენდერი პირებისთვის დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის აკრძალვა ევროპულ კანონმდებლობას არღვევს, – აღნიშნული ევროკავშირის მოსამართლეებმა პრეცედენტულ სასამართლო საქმეში დააგინეს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ევროპის სასამართლომ (ECJ) განაცხადა, რომ ბულგარეთის უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს დაწესებული აკრძალვა ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის გადაადგილების თავისუფლების წესებს, რომლებიც ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა დგას.
საქმე ეხება “შიპოვას” – ეს არის გამოგონილი სახელი ბულგარელი ადამიანისათვის, რომელიც მამაკაცად დაიბადა. შიპოვა გადავიდა იტალიაში, დაიწყო ჰორმონოთერაპია და ახლა ქალად არის წარმოდგენილი.
შიპოვას ბულგარეთში დაბადების მოწმობაში სქესის შეცვლის მოთხოვნა უარყოფილ იქნა, სამედიცინო მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად, რამაც სამართლებრივი დავა გამოიწვია. ბულგარეთის სასამართლომ საქმე სამართლებრივი საფუძვლის გასარკვევად ევროპის სასამართლოს გადასცა, რათა დადგენილიყო, ეს აკრძალვა არღვევდა თუ არა ევროკავშირის კანონმდებლობას.
ლუქსემბურგში მდებარე სასამართლოს განცხადებით, რადგან შიპოვამ გამოიყენა გადაადგილების თავისუფლების უფლება, მას იცავს ევროკავშირის კანონები, რომლებიც გენდერულ იდენტობას იცავს.
“სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის რეალურ, ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული გენდერული იდენტობისა და იმ გენდერული მონაცემების შეუსაბამობა, რომლებიც მის პირადობის მოწმობაშია მითითებული, შეიძლება შეაფერხოს მისი გადაადგილების თავისუფლების გამოყენება”, – ციტირებს “The Telegraph”-ი ევროპის სასამართლოს.
გამოცემის ცნობითვე, ეს გადაწყვეტილება ახლა ბულგარეთის სასამართლომ საბოლოო განაჩენის გამოტანისას უნდა გაითვალისწინოს.
ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში ტრანსგენდერ ადამიანებს შეუძლიათ, იურიდიულად შეცვალონ გენდერი პირადობის დოკუმენტებში, თუმცა პირობები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება.