პარლამენტმა ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტის თარგმანი გამოაქვეყნა
პარლამენტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა, ასევე ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტის თარგმანს აქვეყნებს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ პოზიტიურად შეაფასეს.
მისივე თქმით, ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ წინსწრებით წარმოადგინეს დასკვნის პროექტი, რომლის საბოლოო ვერსიის დამტკიცება ნავარაუდები აქვთ მიმდინარე წლის 15 დეკემბრის სხდომაზე.
მიქანაძის განმარტებით, დასკვნის პროექტში რეკომენდაციებია რიგ საკითხებზე, შემდგომი სრულყოფის მიზნით, რაზეც ჯერ კიდევ პირველი მოსმენის ფორმატში მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ მეორე მოსმენაზე ამ საკითხების უფრო დეტალურად გაწერს.
ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელების ფარგლებში, 5 ოქტომბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც მოიცავდა შესაბამის ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, რაც 10 ოქტომბერს ექსპერტული დასკვნისთვის ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.