გიორგი ვოლსკი გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის“ (IPS) პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევა.

„ვისაუბრეთ პრაქტიკული განათლების მიღების საგანგებო მნიშვნელობაზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ყოველწლიურად ტარდება სტუდენტების შერჩევა, რომლებიც შემდგომ პრაქტიკას გერმანიის ბუნდესტაგში გადიან. სწორედ, ამ მიზნით იმყოფება ეს დელეგაცია ჩვენს ქვეყანაში და უახლოეს პერიოდში ჩვენი რამდენიმე სტუდენტი, სხვა ქვეყნების სტუდენტებთან ერთად, პრაქტიკას ბუნდესტაგში გაივლის.

დელეგაციის წევრებთან, აგრეთვე ვისაუბრეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს მისწრაფებებზე ევროკავშირის სტრუქტურებში გასაერთიანებლად“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე, ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ანრი ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები