რატი ბრეგაძე: სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების სრული რეალიზებისთვის სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს.
“უმჯობესია, ექიმებმა ისაუბრონ. ჩემი მხრივ შემიძლია, ვთქვა, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რათა მისი ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული, ის სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იღებდა შესაბამის და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, ნომერ მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში. როგორც მოგეხსენებათ, ის იმყოფებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, საკუთარი გადაწყვეტილებით, ის ამ მკურნალობას სრულფასოვნად არ იტარებდა. იმისთვის, რომ შემდეგი გართულებების რისკი გამორიცხულიყო, ის გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში“ და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს, როგორც ამ კონკრეტული მსჯავრდებულისთვის, ასევე, ყველა სხვა იმ პირისთვის, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება, ასე გაგრძელდება შემდეგშიც“, – განაცხადა ბრეგაძემ.