რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა საქართველოს ანგარიშზე დასკვნითი მოსაზრებები გამოაქვეყნა
რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა 23-24 ნოემბერს, ჟენევაში გამართული „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, საქართველოდან წარდგენილი გაერთიანებული მე-9 და მე-10 პერიოდული ანგარიშების განხილვის საფუძველზე დასკვნითი მოსაზრებები გამოაქვეყნა.
პარლამენტის ინფორმაციით, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოს წინაშე პერიოდული ანგარიშის წარდგენის უწყებათაშორის, სახელმწიფო დელეგაციაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მონაწილეობდა.
მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით პარლამენტის საქმიანობისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დასკვნით მოსაზრებებში, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი მიესალმება საანგარიშო პერიოდში, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის, მათ შორის ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის გაძლიერებისკენ მიმართულ რეფორმებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებს. კომიტეტის მიერ, დასკვნით მოსაზრებებში გამოკვეთილი შვიდი დადებითი ასპექტიდან, ოთხი საპარლამენტო საქმიანობას უკავშირდება.
კომიტეტი დადებითად აფასებს სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში, 2019 წელს შეტანილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც დისკრიმინაციის საქმეებზე სახალხო დამცველის მანდატი გაფართოვდა. პოზიტიურადაა შეფასებული „პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის” მიღება, რომელიც აკონკრეტებს რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნით სიძულვილის ენის აკრძალვის პრინციპს. კომიტეტი დადებითად აფასებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონში 2019 წელს შეტანილ ცვლილებას, რომელიც ადგენს რეგულირების ახალ, დამატებით სფეროებს. კომიტეტის დადებითი შეფასება აქვს „სისხლის სამართლის კოდექსის” 531 მუხლის მიღებას, რომელიც, მათ შორის, რასობრივი დისკრიმინაციის დანაშაულებს განსაზღვრავს დამამძიმებელ გარემოებად; აგრეთვე 2022 წლის ცვლილებას „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში”, რომლის თანახმადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებები გავრცელდა რასობრივი დისკრიმინაციის საქმეებზე.
დასკვნით მოსაზრებებში, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი გამოთქვამს რეკომენდაციებს, საქართველომ გააგრძელოს რეფორმები რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით და გაძლიერდეს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები.