ჩეხეთის საელჩო: ელჩმა დეტალურად განმარტა, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით გავრცელდა, ის არ უკავშირდებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ზოგადი ხასიათის იყო

ჩეხეთის საელჩო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის, პეტერ მიკისკას და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

როგორც საელჩო აღნიშნავს, მხარეებს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, ელჩმა დეტალურად განმარტა, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით გავრცელდა.

„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს პეტერ მიკისკასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს შორის ქართულ მედიაში ახლახან გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ჩეხეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს ეხება.

ელჩმა დეტალურად განმარტა, რომ მისი კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით გავრცელდა, ის არ უკავშირდებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ზოგადი ხასიათის იყო. ის აცნობიერებს და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციებთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ინფორმაციის შემდგომი გაცვლის საკითხები ამ და სხვა მგრძნობიარე საკითხებზე. ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაქარწყლებულია და საკითხი დამატებით განხილვას აღარ იმსახურებს“, – აღნიშნულია ჩეხეთის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს. აღნიშნულის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები