ვახტანგ მეგრელიშვილი: “ემპათიის” დასკვნებში წერია ბოდვა, არ შეიძლება ასეთი დასკვნების წერა

ამ დასკვნებში ბოდვა წერია. არ შეიძლება ასეთი დასკვნების წერა, მით უმეტეს, 3 000-გვერდიანის და საზოგადოებისთვის წარდგენა, რომელშიც ვერაფერს გაიგებ, – ასე აფასებს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ცენტრ “ემპათიას” დასკვნას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

“როგორც კი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაჯდა, მივხვდით, რომ ეს ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის მძიმე იქნებოდა, ხედავთ, რომ ეს ხელს გვიშლის ევროინტერგაციის პროცესში.
ეროვნულ ინტერესშია, რომ ეს პრობლემა მოიხსნას, მაგრამ უნდა მოიხსნას არა ხელოვნურად და სააკაშვილი უბრალოდ კი არ უნდა გაუშვან, არამედ კომპლექსურად.
ამას უნდა მოჰყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯანსაღ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა და ისინი უნდა იყვნენ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსები. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქამდე უნდა ეთქვა, რა იყო ის პირობები, რა პირობებშიც სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში დაიწყებდნენ თანამშრომლობას, მაგალითად, 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ბოიკოტის ნაცვლად, სამუშაო პროცესში ჩაერთვებოდნენ და, საბოლოოდ, ევროკავშირთან გავიდოდით არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად შეთანხმებული პოზიციით, რაც ახლა, ამ ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია. სააკაშვილის გათავისუფლება ამის ნაწილია. ვერავინ დაიჯერებს, რომ აქ მოხდა დეპოლარიზაცია, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის და მისი პარტია გუდაურში დადის მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებზე და საუბრობს საარჩევნო კოდექსზე. არ ვიცი, ლობისტები რა მიზნით არიან დაქირავებული, მაგრამ რაც აღგიწერეთ, ეს პროცესი ყველასთვის დამაზიანებელი იყო და, როგორც ჩანს, დაინახეს, რომ საჭიროა ჭკუათმყოფელი კონსულტანტი, როგორ აწარმოონ ეს კამპანია. ადამიანებია საჭირო, ვინც ამ პროცესს საღი აზრის დონეზე დაგეგმავენ. რასაც ვუყურებთ, კაციშვილი პატრონი არ არის, ვინც ოჯახის მდგომარეობას გაითვალისწინებს და ადეკვატურ განცხადებებს გააკეთებს. ლობისტების დაქირავება გონივრულია.

რაც შეეხება „ემპათიას“, ერთი დიაგნოზიც საკმარისია, რომ ადამიანი გარდაიცვალოს. ციხიდან გაშვება, იცით, რას ნიშნავს? კაცი ექვს თვეში უნდა მოკვდეს. ნუთუ მართლა გვინდა, ისე გავუშვათ, რომ ექვს თვეში მოკვდეს? ამ დასკვნებში ბოდვა წერია. არ შეიძლება ასეთი დასკვნების წერა, მით უმეტეს, 3 000-გვერდიანის, და საზოგადოებისთვის წარდგენა, რომელშიც ვერაფერს გაიგებ. ამის გამო არის ეს მდგომარეობა. ჩემი აზრით, ძალიან არაკომპეტენტურები არიან. თვითდაზიანების პროცესია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები