ალუდა ღუდუშაური: “ემპათია“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიმართ ობიექტურობასთან დაკავშირებული მოლოდინები არ უნდა გვქონდეს

„ემპათია“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიმართ განსაკუთრებული, გადაჭარბებული ლეგიტიმაცია ან ობიექტურობასთან დაკავშირებული მოლოდინები არ უნდა გვქონდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

ღუდუშაურის შეფასებით, „ემპათიას“ განცხადებები მიკერძოებულია და არცერთ ეტაპზე ობიექტურობის განცდას არ ტოვებდა.

„ყველა კარგად ხედავს, რომ ისინი ერთ კონკრეტულ საქმეს აკეთებენ, როგორმე, ნებისმიერ ფასად, მართლმსაჯულებიდან სააკაშვილი იხსნან. არანაირი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ეს ხალხი ობიექტურობასთან ახლოს იქნებიან. „ემპათიას“ ამბიცია ნუ ექნება, რომ რამე განსაკუთრებულს წარმოადგენენ. მათი განცხადებები მიკერძოებულია და არცერთ ეტაპზე ობიექტურობის განცდას არ ტოვებდა, მათგან სიცრუის ტირაჟირება, ბევრი ტყუილი და უმსგავსობა მოვისმინეთ. პრაქტიკულად, ციხეში სააკაშვილის  შესვლის დღიდან გვესმის, რომ სააკაშვილის თავს აპოკალიფსი ხდება. სააკაშვილის გადაყვანა თუ ქვეყნიდან გაყვანა აბსოლუტური ნონსენსი და სპეკულაციაა. ეს გამორიცხულია. სააკაშვილს მოუწევს, მსჯავრი მოიხადოს იმ ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ, რომლის ქვეშაც მსჯავრი აქვს დადებული. მთელი ეს აჟიოტაჟი, ვერც ერთი ლობისტის ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, ვერც „ემპათიას“ ცრუ განცხადებები და ვერც ადვოკატის მოქმედება ვერ დაიხსნის სააკაშვილს სამართლიანი მსჯავრისგან.

„ემპათიას“ ვიღაც წარმომადგენელი ამბობს, თურმე სააკაშვილი მოწამლული ყოფილა. თავად სააკაშვილი და დედამისი ამბობენ, ასეთი რამ არ არისო. სრულიად ნათელია და ყველაფერი ხელის გულზე დევს – სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არის სპეკულაციები. ექიმის ჩამოყვანის ნაცვლად, ჩამოიყვანეს თუ დაიქირავეს ლობისტები, რომ როგორმე სააკაშვილის თემა იყოს ხელოვნურად დაპიარებული და გაშლილი, იქნებ აარიდონ მსჯავრი, რომელიც სრულიად სამართლიანად აქვს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები