ნიკოლოზ სამხარაძე: ბუნდესთაგში შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხია

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, განვიხილეთ ასევე ნატოს გაფართოების თემა, სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ”,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბუნდესთაგში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დღეს ბუნდესთაგში სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მთავარი საკითხი შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და რეგიონულ უსაფრთხოებას შეეხებოდა. მისივე თქმით, მომავალი წლის მარტში საქართველოს ბუნდესტაგის დელეგაცია ეწვევა.

„ძალიან საინტერესო, სიღრმისეული დისკუსია იყო, ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს რეგიონს, შესაბამისად, მათ აინტერესებდათ ჩვენი ხედვა.
ასევე ყურადღება გამახვილდა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და რუსეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. შევთანხმდით, რომ მომავალი წლის მარტში ბუნდესტაგის დელეგაცია ეწვევა საქართველოს, იმისთვის რომ ადგილზე გაეცნონ ვითარებას როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე იმ რეფორმების განხორციელების კუთხითაც რომელსაც საქართველო ახორციელებს ევროპაში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად”,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები