“პუტინი ვაშინგტონთან დიალოგისთვის ღიაა, თუმცა, ბაიდენის პირობა მიუღებელია” – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონთან დიალოგისთვის ყოველთვის ღიაა, თუმცა, მისი ამერიკელი კოლეგის პირობა, რომ ამისთვის უკრაინიდან ჯარების უნდა იყოს გაყვანილი – მიუღებელია.

“ფაქტობრივად, პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინი დატოვებს უკრაინას. აი, რაც თქვა მან”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, კრემლი ამისთვის მზად არ არის.

“რა თქმა უნდა, სპეცოპერაცია გრძელდება”, – დასძინა პესკოვმა.

ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენი მიზნების მისაღწევად, პრეზიდენტი პუტინი იყო, არის და რჩება ღია ყველასთან მოლაპარაკებებისთვის“.

“აშშ ჯერ კიდევ არ ცნობს რუსეთის ფედერაციის ფარგლებში ახალ ტერიტორიებს და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად ართულებს რაიმე სახის ურთიერთობის ძიებას, საფუძვლებს, რომლებიც შესაძლებელია ორმხრივი განხილვისთვის”, – თქვა პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე კრემლის ლიდერის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომს „ავადმყოფური“ უწოდა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად მხოლოდ ერთი რაციონალური გზა არსებობს – პუტინმა უკრაინიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს.

„მაგრამ, როგორც ჩანს, ის ამას არ აპირებს. ის ძალიან მძიმე ფასს იხდის იმისთვის, რომ ვერ შეძლო ამის გაკეთება, მაგრამ წარმოუდგენელ ხოცვა-ჟლეტას ახორციელებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ბომბავს საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს. ამაზრზენია ის, რასაც აკეთებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მანვე დასძინა, რომ არ აქვს უახლოეს პერიოდში პუტინთან კონტაქტის დამყარების გეგმა, მაგრამ „მზადაა, ისაუბროს“ რუსეთის ლიდერთან, „თუკი რეალურად არსებობს ინტერესი, რომ ის გადაწყვეტს გზის მოძებნას ომის დასასრულებლად – მას ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია“.

„თუ ეს ასეა, სიამოვნებით დავჯდები პუტინთან, რომ ვნახო, რა სურს მას, რა აქვს მხედველობაში. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. ამასობაში, ვფიქრობ, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ის, რაც თქვა ემანუელ მაკრონმა. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები