ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი ნიკა მელიას მიმართავს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს პოლიტსაბჭოს სხდომა და პარტიის თავმჯდომარის არჩევნების კონკრეტული თარიღი დადგინდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას მოთხოვნით მიმართავენ, დაუყოვნებლივ მოიწვიოს პოლიტსაბჭოს სხდომა და პარტიის თავმჯდომარის არჩევნების კონკრეტული თარიღი დადგინდეს. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებისთვის ამ პროცესის გაჭიანურება სასარგებლო არ იქნება.

“პროცესის დაყოვნება, გადადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იქნება პარტიისთვის, ეს პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება. მნიშვნელოვანია, განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები. ამისთვის მივმართავთ დღეს, პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, რათა დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს პოლიტსაბჭოს სხდომა, განისაზღვროს და დადგინდეს ეს წესი და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს. ეს შესაძლებელია ყველა გათვლებით, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება.

პარტიის ინტერესებისთვის სასარგებლო არ იქნება ამ პროცესის გაჭიანურება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული. ჩვენ ველით შემხვედრ ნაბიჯებს, მზად ვართ, პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, ვინაიდან არჩევნებმა, ახალმა თავმჯდომარემ უნდა გააერთიანოს პარტია, მთლიანად პარტიის შემადგენლობა და აქტივი უნდა განაწყოს ახალი ბრძოლისა და გამოწვევებისთვის“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები