მიქანაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ღრმა კრიზისში არიან შესულები, საიდანაც გამოსავალი არ არის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბნეულობაა.
დეპუტატის შეფასებით, პარტია ღრმა კრიზისშია, საიდან გამოსავალიც არ არის.
„იმდენად დიდ კრიზისამდე არის მისული მდგომარეობა, რომ თვითონაც ვერ გარკვეულან. რომ ჰკითხოთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ხვალ, მოკლე პერსპექტივაში რა მოხდება, ვერავინ გიპასუხებთ იმიტომ, რომ თვითონაც ხვდებიან, როგორ ღრმა კრიზისში არიან შესულები, საიდანაც გამოსავალი არ არის“, – თქვა მიქანაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. პარტიის პოლიტსაბჭო უახლოეს დღეებში შეიკრიბება, სადაც არჩევნების ჩატარების პროცედურებზე შეჯერდებიან, მათ შორის, გაირკვევა ზუსტი თარიღიც.