ილია დარჩიაშვილი: საქართველო ერთგული რჩება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის

საქართველო ერთგული რჩება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა რუსული აგრესიის მძიმე შედეგებს ყოველდღიურად განიცდის.

„საქართველომ გამოცადა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა კონვენციური და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს და ეს ხდებოდა ადრეული 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ამას მოჰყვა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ჩვენ ამ აგრესიის მძიმე შედეგებს ყოველდღიურად განვიცდით.

საქართველოს ორი რეგიონი აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული. ეს რეგიონები გადაქცეულია რუსეთის სამხედრო დასაყრდენად და თითქმის დაცლილია მოსახლეობისგან. 300 ათასზე მეტი ქართველი განდევნეს საკუთარი სახლებიდან და მათ დღემდე წართმეული აქვთ უფლება დაბრუნდნენ სახლებში.

აქვე მინდა მოვიყვანო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის ივნისის ვერდიქტი, რომლითაც სამართლებრივად დადგინდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევებზე.

საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ერთგული რჩება. ეს ითვალისწინებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას და მეორე მხრივ, ხელოვნურად დაყოფილ საზოგადოებებს შორის პრიორიტეტად ასახელებს შერიგებისა და ნდობის აღდგენას.

ჟენევის დისკუსიები ერთადერთი ფორმატია, რათა უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულება და მივაღწიოთ პროგრესს ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების თვალსაზრისით. ჩვენ მადლობას ვუხდით ეუთოს გენერალურ მდივანს და თავმჯდომარეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეებთან ერთად აქტიური ჩართულობისთვის. გადამწყვეტი ნაბიჯები და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე ერთიანობა აუცილებელია, რათა რუსეთს შევასრულებინოთ საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებულ შეთანხმება და მივაღწიოთ პროგრესს ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირების დასაბრუნებლად.

მინდა მადლობა გადავუხადო ეუთოს გენერალურ მდივანს და თავმჯდომარეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩართულობისთვის. გადამწყვეტი ნაბიჯები და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე ერთიანობა აუცილებელია, რათა რუსეთს შევასრულებინოთ საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები