ტარიელ ნაკაიძე: შეიცვალა დისკრიმინაციული ტერმინოლოგია, რომელიც სკოლებში გარიყულად წარმოაჩენდა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია
„ძალიან წარმატებული იყო განათლების სამინისტროს მიერ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩართული იყვნენ უმცირესობების წარმომადგენლებიც და შეიცვალა დისკრიმინაციული ტერმინოლოგია, რომელიც სკოლებში გარიყულად წარმოაჩენდა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელიც ამაზე მუშაობდა“, – ამის შესახებ უფრაქციო პარლამენტის წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.
დეპუტატი „4+1“ პროგრამით დაინტერესდა.
„ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო აფინანსებს 100 სტუდენტს ეთნიკური უმცირესობების – აზერბაიჯანელების და 100 სტუდენტს სომხური მოსახლეობის წარმომადგენელს და კიდევ რამდენიმე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, მაგრამ წელს მაგალითად, აზერბაიჯანული თემიდან ჩაბარებული აქვს 9000-ზე მეტ სტუდენტს, ხოლო ამავე პროგრამით სომხური თემიდან ჩაბარებული აქვს 500-ზე მეტ სტუდენტს. ანუ დანარჩენი 800 და დანარჩენი 400 სტუდენტი ქართული ენის სწავლისთვის იხდის თანხას. ეს ერთგვარი დამოკიდებულებაა სახელმწიფოსი და ვფიქრობ, რომ პირველი წელი ქართული ენის სწავლას ეხება მაინც და უნდა იყოს უფასო“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.