საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა, ექსპერტებთან ერთად, მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ინიციატივით საარჩევნო და საზოგადოებრივ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან კომუნიკაციის გაძლიერებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ფორმატში ექსპერტებთან კომუნიკაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველად შედგა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის უზრუნველყოფისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესების, მათ შორის, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ექსპერტებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია. ამასთან, მათი პროფესიული, კვალიფიციური და ექსპერტული მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციას თავისი საქმიანობის განხორციელებაში.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დღეს დეტალურად გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, მიღწევები და გამოწვევები. მან, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი შარაბიძესთან და მდივანთან – გიორგი ჯავახიშვილთან ერთად ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ამ მიმართულებით გასული წლების პრაქტიკისა და პერსპექტივების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს მოსალოდნელი საარჩევნო რეფორმის, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას უკავშირდება და 2023 წელს გასამართი შუალედური არჩევნების შესახებ.

საარჩევნო და საზოგადოებრივ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან ახალი ფორმატის შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს პირველად გაიმართა. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები პერმანენტულად ჩატარდება, სადაც მიმდინარე აქტუალურ საარჩევნო საკითხებს განიხილავენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები