შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილზე: ცდილობენ, რომ ყველანაირად აარიდონ იმ სამართლიან სასჯელს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა
მისი მეგობრები შინ და გარეთ ცდილობენ, რომ ყველანაირად აარიდონ იმ სამართლიან სასჯელს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ კომპანია „გლობალ პოინტთან“ კონტრაქტის გაფორმება.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის მიმართ არის მფარველობა, რათა კანონიერი სასჯელისგან დაიხსნან.
„მისი მეგობრები შინ და გარეთ ცდილობენ, რომ ყველანაირად აარიდონ იმ სამართლიან სასჯელს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, რომელიც გირგვლიანს საქმეს შეეხებოდა. ზოგადად, სანამ სააკაშვილი უკანონოდ შემოვიდოდა საქართველოში, ვხედავდით მფარველობას, რომ ის ასცდენოდა მართლმსაჯულებას და მას შემდეგ, რაც ის ქართული მართლმსაჯულების აღსრულების პროცესშია, მის მიმართ არის გარკვეული მფარველობა, რომ რამენაირად დაიხსნან იმ კანონიერი სასჯელისგან, რომელიც მის წინააღმდეგ არის გამოტანილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას ლობირებას გაუწევს.