მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილზე: არ შეიძლება, ადამიანები საკანთან შეუგუებლობის გამო თავისუფლდებოდნენ
“უცხოეთში მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად საკმარისია კი იმის თქმა, რომ ათი დიაგნოზი აქვს დასმული ან მძიმეა მდგომარეობა? ამისთვის ეს საკმარისი არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ადამიანები საკანთან შეუგუებლობის გამო თავისუფლდებოდნენ.
„ვიდრე საუბარი იმაზე არ არის, რომ არის დიაგნოზი, რომლის არსებობის შემთხვევაში მკურნალობა შეუძლებელია საქართველოში, ამას არავინ ამბობს, რადგან ეს ასე არ არის. იცით, რომ საქართველოში შეუძლებელია ტოქსიკოლოგიური კვლევა? რატომ მიაჩნიათ ამას, ამიხსენით. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩატარებადია. რატომ არის ცუდად, ეს ახსნილია მისივე ექსპერტების მიერ, ვინც ამ კაცის მიმართ პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავენ. ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, შეუგუებლობა საკანთან, მაგრამ ამის გამო არც ერთ ცივილიზაციაში არ თავისუფლდებიან. თუ თქვენ გინდათ, ამიხსნათ, რადგან პრეზიდენტი იყო და პოლიტიკური მოღვაწე, აქედან გამომდინარე პრივილეგია უნდა ერგოს და დანაშაულზე სასჯელი აიცდინოს, ეს სხვა ამბავია. არ შეიძლება, ადამიანები საკანთან შეუგუებლობის გამო თავისუფლდებოდნენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ცენტრი “ემპათია” ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ცნობით, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.