სტოლტენბერგი: პუტინი ცდილობს, ზამთარი უკრაინის წინააღმდეგ ომის იარაღად გამოიყენოს – ჩვენ უნდა მოვემზადოთ მეტი თავდასხმისთვის
პუტინი ახლა ცდილობს, ზამთარი უკრაინის წინააღმდეგ ომის იარაღად გამოიყენოს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე ნატოს მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა გააძლიერეს.
„ის, რაც ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვნახეთ არის საშინელი თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ასევე საცხოვრებელ უბნებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი ცდილობს გაანადგუროს უკრაინელი ხალხის ენერგოსისტემა, გაზის ინფრასტრუქტურა და ძირითადი სერვისები. მაშინ, როდესაც ზამთარი იწყება, ეს ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი პუტინი ახლა ცდილობს, ზამთარი უკრაინის წინააღმდეგ ომის იარაღად გამოიყენოს. ეს საშინელებაა და ჩვენ უნდა მოვემზადოთ მეტი თავდასხმისთვის. ეს არის მიზეზი, რის გამოც ნატოს მოკავშირეებმა გააძლიერეს უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.