„დღემდე ხშირია, როდესაც დასაქმებისას ქალებს მათი ოჯახური ვალდებულების, დაოჯახების გეგმების, ფეხმძიმობის შესახებ ეკითხებიან“ – რაისა ლიპარტელიანი
„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარის მოადგილის, რაისა ლიპარტელიანის განცხადებით, საქართველოში შრომით ბაზარზე გენდერული კუთხით უთანასწორობაა. ამის შესახებ ლიპარტელიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„თუ შრომით ბაზარს შევხედავთ და იმ უთანასწორობებზე ვისაუბრებთ, რომელიც გენდერული ჭრილში არსებობს, ვნახავთ, რომ ის რიცხვები და ოფიციალური სტატისტიკა, რაც გვაქვს, საგანგაშოა. ვხედავთ, რომ საქართველოში ქალების 58 % შრომით ბაზარში საერთოდ არაა ჩართული, შესაბამისად, მათი ეკონომიკური აქტიურობა კაცებისაზე 22 %-ით ნაკლებია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დასაქმების ადგილებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა არ აქვთ. ძალიან ხშირად ბევრ ქვეყანაში შეიძლება, ქალების დასაქმების დაბალი მაჩვენებელი მათი არასათანადო განათლებით იყოს განპირობებული. სამწუხაროდ, ვიცით, რომ ბევრ სახელმწიფოში დღესაც, 21-ე საუკუნეში განათლებაზე ქალების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. მაგრამ ეს საქართველოს შემთხვევა არაა. ანუ საქართველოში ქალების შრომით ბაზარზე დაბალი ჩართულობა ამით არ აიხსნება. თავად საქსტატის კვლევის მიხედვით, ქალებს საქართველოში უკეთესი განათლება აქვთ, ვიდრე – კაცებს. ეს როგორც უმაღლეს, ისე პროფესიულ განათლებას ეხება. პრობლემები დაკავშირებულია სწორედ იმ ოჯახურ ვალდებულებებთან, რომელიც ქალებს აქვთ. ვიცით, რომ დღემდე ხშირია, როდესაც დასაქმებისას ქალებს მათი ოჯახური ვალდებულების, დაოჯახების გეგმების, ფეხმძიმობის შესახებ ეკითხებიან. სასამართლოში არაერთი საქმე გვაქვს, როდესაც ფეხმძიმობა ზოგჯერ დასაქმების დამაბრკოლებელი გარემოება, ან შემდგომში გათავისუფლების საფუძველიც კი აღმოჩნდა“, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
მისივე თქმით, ქალისა და კაცის ხელფასებს შორის მაღალი სახელფასო სხვაობაა.
„მაშინაც კი, როდესაც ქალები დასაქმებას ახერხებენ, ვიცით, რომ ქვეყანაში ქალისა და კაცის ხელფასებს შორის ძალიან მაღალი სახელფასო სხვაობა გვაქვს. ეს 32 %-ია, რაც მაღალი მაჩვენებელია თუ ევროკავშირის მაჩვენებელს შევხედავთ, სადაც სახელფასო სხვაობა 16 %-ს არ აღემატება. სტატისტიკა და საქართველოს რეალობა მოწმობს, რომ ყველა კრიზისულ სიტუაციაში პირველები, ვინც სამსახურს და შემოსავალს კარგავენ, ქალები არიან. გამონაკლისი არც კოვიდპანდემიაც იყო. ვნახეთ, რომ პირველსავე კვარტალში, პანდემიის პირობებში, როდესაც მონაცემები გამოქვეყნდა, ვინც სამსახური და შემოსავალი დაკარგა, მათი 99 % ქალი იყო. ჯამურად, კოვიდის შედეგად ქვეყანაში 52 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა, მათ შორის 67 % სწორედ ქალებზე მოდის. ამის მიზეზი ბევრია. გარდა კანონმდებლობის ხარვეზებისა და მისი აღსრულებისა, ამის მიზეზი ასევე ქალის და კაცის როლების სტერეოტიპული, ტრადიციული გადანაწილებაა, რომლის შედეგადაც ოჯახური ვალდებულებები, ბავშვების მოვლა, ძირითადად, ქალების ტვირთია. ამის მიზეზი ასევე დეკრეტული შვებულების ცუდი პოლიტიკაა, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივად, ადამიანებს მთელი 6 თვის მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან მიზერული დახმარება ეძლევათ, ჯამურად, ის 1000 ლარს არ აღემატება. სახელფასო სხვაობის მიზეზი ასევე არის ის, რომ ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების დაბალი წარმომადგენლობაა. ვხედავთ, რომ საქართველოში ხელმძღვანელ პოზიციებზე წარმოდგენილი ადამიანების 78 % კაცია, დანარჩენი, მცირე ხვედრითი წილი ქალებზე მოდის. რა არის მნიშვნელოვანი: მაშინაც კი როდესაც ქალები ხელმძღვანელ პოზიციებს აღწევენ, თუ სახელფასო ჭრილში შევხედავთ განსხვავებას, მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის 26 %-იანი სხვაობაა, რაც მაღალი მაჩვენებელია. ეს ყველაფერი იმას გვაფიქრებინებს, რომ შრომის კანონმდებლობაში არაერთი პოზიტიური ნაბიჯისა, სახელმწიფოს მხრიდან კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო“, – განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მიერ მიღებული, „სამუშაო ადგილზე ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრის შესახებ“ 190–ე კონვენციის რატიფიცირება მოხდეს.