შალვა პაპუაშვილი – 4 ოქტომბერსა და ევროპელ დიპლომატებზე: გადაწყვიტეს, რადგან კარი გავუხსენით, შეუძლიათ თავის გემოზე მოგვიწყონ ჩვენი სახლი, გვიწყობენ ქვეყნის დამხობას, სულში გვაფურთხებენ, საკუთარი ხალხის დასმა უნდათ და ერთ სიტყვასაც არ გეტყვიან, რომ წუხან
ისინი, ვისაც ჩვენ გავუხსენით ჩვენი კარი, ჩვენი გული, ჩვენი სული, ზუსტად მათ ჩაგვაფურთხეს სულში და გადაწყვიტეს, რომ რადგანაც ჩვენ კარი გავუხსენით, შეუძლიათ შემოვიდნენ ჩვენს სახლში და თავის გემოზე მოგვიწყონ ჩვენი სახლი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ელჩებს არ გამოუთქვამთ წუხილი იმის გამო, რაც თბილისში 4 ოქტომბერს მოხდა.
„ჩვენ ვენდეთ, კარგი გავუხსენით, გული გავუხსენით, სული გავუხსენით ევროკავშირის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ქართველმა ხალხმა ვიომეთ მათთვის, ქართველმა ხალხმა ვაკეთეთ ყველაფერი. ჩვენი ომებიც გადავიტანეთ, მათი ომებიც ვიომეთ, ყველაფერი გავაკეთეთ. ნაცვლად იმისა, რომ ეს დაეფასებინათ, აქ გვიწყობენ ქვეყნის დამხობას, სულში გვაფურთხებენ, საკუთარი ხალხის დასმა უნდათ და ისე ცივსისხლიანად შემოგხედავენ და ერთ სიტყვასაც არ გეტყვიან, რომ წუხან, რომ ეს მოხდა. ორი პოლიციელი იყო მძიმედ დაშავებული, სულ 25 დაშავდა. ვინმემ მოიკითხა? ეს ელჩები სულ წუხილზე რომ არიან ხოლმე, ერთი მოიკითხა ვინმემ, პოლიციელს რა დაემართა იმ ხალხის გამო, რომელსაც მათ ხელი გადაუსვეს და მათი მხრიდან მოწონებული ხალხი, რომელიც შევარდა პრეზიდენტის რეზიდენციაში. ამიტომ, ეს არის ყველაზე საწყენი და ყველაზე დიდი გაკვეთილი ქართველი ხალხისთვის. ისინი, ვისაც ჩვენ გავხსენით ჩვენი კარი, ჩვენი გული, ჩვენი სული, ზუსტად მათ ჩაგვაფურთხეს სულში და გადაწყვიტეს, რომ რადგანაც ჩვენ კარი გავუხსენით, შეუძლიათ შემოვიდნენ ჩვენს სახლში და თავის გემოზე მოგვიწყონ ჩვენი სახლი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.