ვპირდებით საზოგადოებას, რომ შემდეგი სამი წელი გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური, მშვიდი, მშვიდობიანი განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
„მგონია, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი აღარ დარჩა. გახსოვთ, პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის განცხადებები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ჩაივლიდა ძალიან მშვიდად და მთლიანად 4 ოქტომბრის დღე ჩაივლიდა მშვიდად. პრინციპულად ასეც მოხდა. რასაც ვპირდებოდით საზოგადოებას, ის შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალადობის მასშტაბური მცდელობა, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ისე მარტივად ჩავატარეთ სპეცოპერაცია. ეს იყო დაპირება, რომელიც შევასრულეთ. ასევე ვპირდებით საზოგადოებას, რომ შემდეგი სამი წელი გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური, მშვიდი, მშვიდობიანი განვითარება, ეს არის ჩვენი დაპირება საზოგადოების წინაშე და ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.