პრემიერი: როდესაც ხელოვნურად თავსმოხვეულია ორპოლუსიანი სისტემა, არცერთ რეალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საშუალება, წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ სისტემაში, როგორც კი ეს ჩაკეტილი, ეშმაკისეული წრე გაირღვევა, მაშინვე გაჩნდებიან ახალი პოლიტიკური სუბიექტები
მიმდინარეობს მუშაობა სარჩელზე, პარტიების ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, სარჩელი შეეხება პარტიებს, რომლებიც შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს და მათ, ვინც ამ სისხლიან ძალასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში წლების მანძილზე.
„სიას დავაკონკრეტებთ მოგვიანებით. მით უმეტეს, რომ ახლაც მიმდინარეობს მუშაობა სარჩელზე. ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში. პრინციპი არის შემდეგი – პირველი, როდესაც პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, რა თქმა უნდა, მათ შეეხება შესაბამისი სარჩელი. მარტივად რომ ვთქვათ, პირდაპირ, ვინ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან დღეს კონკრეტული პარტიების ხელმძღვანელები, ეს არის „ნაცმოძრაობა“, იგივე „ახალი“, არის რამდენიმე სხვა მცირე პარტია. მეორე კრიტერიუმი არის რა, რომ ვინც ამ სისხლიან პარტიასთან, ძალასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში წლების მანძილზე განგრძობითად, რა თქმა უნდა, მათაც შეეხება ეს სარჩელი. ზუსტი სია ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში, შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ, მცირე პარტიების ჩათვლით“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ერთადერთი გზა ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისკენ, იმიტომ, რომ დღეს არის ჩაკეტილი სივრცე.
„ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უცხოური აგენტურა. როდესაც ასეთი ორპოლუსიანი სისტემაა ჩამოყალიბებული, არცერთ მესამე ძალას არ ეძლევა იმის საშუალება, რომ რეალურად, რესურსით შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. ჩაკეტილი წრეა ჩამოყალიბებული ხელოვნურად. ნახეთ, რა გააკეთეს 2012 წელს. თავსმოხვეული კოჰაბიტაციის საფუძველზე, გააკეთეს ზუსტად ეს, რომ ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, მთელი თავისი სპექტრით უკვე, რომელიც ცოტა გაიშალა 2012 წლის შემდეგ. ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს გარე მხარდაჭერა, ამ სისხლიან, ძალადობრივ პოლიტიკურ ძალას და ასეთ პირობებში, როდესაც არის ხელოვნურად თავსმოხვეული ორპოლუსიანი სისტემა, არცერთ რეალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას არ აქვს იმის საშუალება, რომ წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ სისტემაში. როგორც კი ეს ჩაკეტილი წრე გაირღვევა, მართლა ეშმაკისეული წრე გაირღვევა, მაშინვე გაჩნდებიან ახალი პოლიტიკური სუბიექტები. „ქართული ოცნება“ იღებს არჩევნებიდან 12 წლის თავზე, საპარლამენტო არჩევნებში 54%-ს და 13 წლის თავზე, უკვე თვითმმართველობის არჩევნებში 84%-ს. ეს ხდება იმიტომ, რომ მეორე მხარეს ჩვენი ალტერნატივა არის დანაშაულებრივი, სისხლიანი პოლიტიკური ძალა, უცხოური აგენტურა. ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო. აქ რომ იყო მეორე მხარეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ჩვენ შეიძლება 54% ვეღარ ავიღოთ, იმიტომ, რომ რეალური კონკურენცია გაჩნდება. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს სუბიექტური ინტერესებიდან წამოსული ინიციატივა კი არ არის, ეს არის ობიექტური, ქვეყნის ინტერესებიდან წამოსული ინიციატივა, რომ გაჯანსაღდეს ჩვენთან ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური სისტემა, რათა ვიღაცის მოსვლა ხელისუფლებაში, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, არ ნიშნავდეს კატასტროფას.
შეიძლება არსებულიდანაც აღმოცენდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, შეიძლება ახალი პოლიტიკური პარტიები გაჩნდეს, მაგრამ როგორც კი სივრცე გაიხსნება, ეს პროცესი ბუნებრივად დაიძვრება და ასეც უნდა მოხდეს. დღეს არის ჩაკეტილი წრე, ერთ მხარეს „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია, მეორე მხარეს დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა და აქ მარტივად კეთდება არჩევანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.