შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის დამაბნეველმა განცხადებამ რადიკალურ ოპოზიციაში ყიჟინა გამოიწვია, უკრაინული კანონის განხილვაზე ოფიციალურად უარი არავის უთქვამს
სამწუხაროდ, გუშინ აშშ-ის ელჩის დამაბნეველმა განცხადებამ რადიკალურ ოპოზიციაში ყიჟინა გამოიწვია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინულ კანონთან დაკავშირებით, კელი დეგნანის მხრიდან დამაბნეველი განცხადება გაკეთდა, თუმცა მისივე თქმით, შესაძლოა ელჩს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა.
” სამწუხაროა, რომ ასეთ საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით კეთდება დამაბნეველი განცხადებები. ვნახეთ პასუხი ევროსაბჭოდან, რომ კვლავ მიმდინარეობს განხილვა ამ პროექტის. გარდა ამისა, ჩემმა კაბინეტმაც გუშინ წერილობით მიმართა ვენეციის კომისიას, რათა გავიგოთ, რა არის ამ პროექტის სტატუსი და ველოდებით ოფიციალურ პასუხსაც. ფაქტია, რომ უკრაინული კანონის განხილვაზე ოფიციალურად უარი არავის უთქვამს, მათ შორის არც ევროკავშირის წარმომდგენლობისგან ასეთი ინფორმაცია არ გვქონია.
შეიძლება, რაღაც არასწორი ინფორმაცია ჰქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ასეთი დამაბნეველი განცხადებები არ გაკეთდეს, რადგან ამით მხოლოდ რადიკალური ჯგუფები სარგებლობენ, რათა ყოველ ჯერზე გამონახონ რაღაც თემა, რომლითაც მღელვარებას გამოიწვევენ. ამიტომ მნიშვნელოვანია განცხადებების გაკეთებამდე ასეთი ინფორმაციების გადამოწმება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება.