რატი იონათამიშვილი: ჩვენ ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებთ და სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებზე ვსაუბრობთ, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან
“ჩვენ ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებთ, როგორც შესაძლებლობას და ჩვენ პარტიულ ინტერესებზე კი არა ქვეყნის, სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებზე ვსაუბრობთ და ჩვენი საზრუნავი სწორედ ამ ინტერესების დაცვაა განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, სადაც საკუთარი კეთილდღეობის ფასად ქვეყნის უკან დახევაც კი უღირთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როლი იზრდება, ქვეყნის პირველი პირების მუშაობის შედეგია.
“საქართველოს გეოპოლიტიკური როლი დღეს იზრდება მსოფლიო დონეზე, პარტნიორული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გაფართოებაზე საუბარში აქცენტი გაკეთდა არამარტო იმაზე, რამდენადაა ეს მნიშვნელოვანი იმ ქვეყნებისთვის, ვინ მოლოდინის რეჟიმშია, არამედ თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რომ არის ეს მნიშვნელოვანი, რადგან გაჭიანურებული პროცესი აზარალებს ევროკავშირს ამ ქვეყნებში, თავად ევროკავშირის რეპუტაციასაც საერთაშორისო დონეზე და ცხადია მტკივნეულია ჩვენთვისაც. დღეს იქნება სხვა რეალობა და ამ რეალობაში საქართველოს როლი იზრდება. ეს ყველაფერი დამსახურებაა არამხოლოდ იმ უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფით, რომელიც ამ ომის ფონზე არის საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის პირველი პირების აქტიური მონაწილეობით, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში. ჩვენ ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებთ, როგორც შესაძლებლობას და ჩვენ პარტიულ ინტერესებზე კი არა ქვეყნის, სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებზე ვსაუბრობთ და ჩვენი საზრუნავი სწორედ ამ ინტერესების დაცვაა განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, სადაც საკუთარი კეთილდღეობის ფასად ქვეყნის უკან დახევაც კი უღირთ. გაჭიანურების პროცესით ვინც სარგებლობს და აძლიერებს ჰიბრიდულ ომს, ეს არის რუსეთი. ამ პროცესით რომ სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში და ჰიბრიდული ომის სხვადასხვა მეთოდებს იყენებს, სადაც ნებით თუ უნებლიედ არიან ჩართულები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ესეც ფაქტია. ჩვენ გვახსოვს სიძულვილის კამპანია, როდესაც პერსპექტივის სტატუსი მოგვენიჭა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.