“ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ მისცა საშუალება, ოპოზიციის მოედანზე გადმოაგდოს ბურთი და თქვას, რომ სტატუსის მიღება ჩვენ ჩავშალეთ” – იაგო ხვიჩია

კარგია, რომ ჩვენს მეგობრებს არ ვავიწყდებით და გვეუბნებიან, თქვენი გზა აქეთ არისო, მაგრამ უნდა გამოვხატოთ რეალური ნება, რომ გვინდა, დასავლეთის ნაწილი ვიყოთ, ამ რეალური ნების გამოხატვას მთავრობა აგვიანებს, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ევროპარლამენტში გამართულ დებატებს.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა ისარგებლოს იმ შესაძლებლობით, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა სამყაროში შექმნა.

„ჩვენ ახლა უნდა ვისარგებლოთ შესაძლებლობების იმ ფანჯრით, რომელიც უკრაინის ამბავმა სამყაროში გააჩინა. თუ ამას შევძლებთ, იქნება მაქსიმუმი, რისი წამოღებაც ამ პროცესიდან შეგვეძლება. ჩემი აზრით, გარანტირებული არ არის იმის თქმა, რომ ყოველთვის იქნება ასეთი ტიპის ფანჯრები და ყოველთვის გვექნება შანსი, თუ რაღაცნაირად ჩვენს ქმედებებში რაღაცებს შევცვლით. არ მგონია, რომ მხოლოდ განცხადებებს შეუძლია, რამე გააკეთოს. კარგია, რომ ჩვენს მეგობრებს არ ვავიწყდებით და გვეუბნებიან, თქვენი გზა აქეთ არისო, მაგრამ ამისთვის უნდა გამოვხატოთ რეალური ნება, რომ გვინდა, დასავლეთის ნაწილი ვიყოთ, ამ რეალური ნების გამოხატვას მთავრობა აგვიანებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, ოპოზიციამ არაკონსტრუქციული ქცევა გამოავლინა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, მთელ ამ პროცესში მთავრობის პასუხისმგებლობა ყველაზე მეტია. ოპოზიციას რაც შეეხება, მან არაკონსტრუქციული ქცევის მაქსიმუმი გამოავლინა და „ქართულ ოცნებას“ მისცა საშუალება, ოპოზიციის მოედანზე გადმოაგდოს ბურთი და თქვას, რომ სტატუსის მიღება ჩვენ ჩავშალეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები