რატი იონათამიშვილი: გაჭიანურებული პროცესები არ ადგება არა მხოლოდ იმ კონკრეტულ ქვეყნებს, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირისკენ, არამედ ზოგადად ევროკავშირსაც
ევროპის გაფართოებაზე ყველაზე რეზონანსული და წონადი განცხადებები ჩვენ ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერის მხრიდან მოვისმინეთ ბერლინში და ამ კონგრესს მაშინ „ქართული ოცნება“ ესწრებოდა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. მოხარული ვარ, რომ ზუსტად ეს სულისკვეთება უკვე ისმის ევროკავშირში და აქაც საუბარი არის აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე გაფართოების. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსი და მეორე მხრივ ეს მიანიშნებს, რომ ის პროაქტიული მუშაობა, რომელიც 12 პუნქტის ირგვლივ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობით აქვს წარმართული, სწორი გზით ვითარდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილი იმედოვნებს, რომ საუბრები მომავალში კონკრეტულ გადაწყვეტილებებად გარდაიქმნება.
„კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ უკვე პროაქტიულად დაიწყო საუბარი იმ გამოწვევებზე, რომ გაფართოება ეს არის უმნიშვნელოვანესი და გაჭიანურებული პროცესები არ ადგება არა მხოლოდ იმ კონკრეტულ ქვეყნებს, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირისთვის, არამედ ზოგადად ევროკავშირისთვისაც კი. იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები მომავალში კონკრეტულ გადაწყვეტილებებში გარდაიქმნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.
ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ვრცელ ანგარიშს 2023 წლის ოქტომბერში მოამზადებს. მანამდე ევროპარლამენტარებსა და ქართველ კანონმდებლებს შორის, აქტიური მუშაობა გრძელდება.