მეუფე ნიკოლოზი – რუსეთის პატრიარქისთვის ილია მეორის მილოცვაზე: ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი და ამის გაწყვეტას სერიოზული არგუმენტები სჭირდება
ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი და ამ კავშირში ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება, – ასე პასუხობს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი საქართველოს პატრიარქის მიერ ოკუპანტი რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მისალოც წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას.
მეუფეს თქმით, კირილე ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქი მაშინაც იყო, როდესაც საქართველოში ხდებოდა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება.
„საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის მართლმადიდებლური ეკლესია ვეზიარებით ერთად, თუ მოვხვდებით წირვაზე. თუ არ მოვხვდებით, მაინც ერთმანეთს ვიხსენიებთ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება.
როდის გახდა ის [კირილე] ოკუპანტი ქვეყნის სულიერი მამა? – ჩვენთანაც იყო ეს ყველაფერი, ამიტომ პარალელს გავავლებთ. ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, რაც უკრაინაში ხდება. საქართველომ ეს გაიარა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2008 წელს. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
რაც შეეხება იმას, რომ „პატრიარქი კირილე რუსეთის ომის ღია მხარდამჭერია”, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეს ტყუილია.
„ტყუილია. გაბუქებულია ეს ინფორმაცია. რუსეთის პატრიარქს დაუსვეს შეკითხვა და მან თქვა, არ ვარ მხოლოდ მოსკოვის პატრიარქიო. ისაა სრულიად რუსეთის პატრიარქი და ეს ომი მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამიტომ იმის თქმა, რომ პატრიარქი ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, ტყუილია. რუსეთის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა. პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა სახელმწიფოა, მაგრამ მისი ეკლესია არის რუსეთის კანონიკური ტერიტორია”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მიტროპოლიტმა ასევე განმარტა, თუ რატომ იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ რუსეთში. მისი თქმით, იქ დავით არსენიშვილის პანაშვიდზე ჩავიდა.
„დავით არსენიშვილმა დააარსა მთაწმინდის პანთეონი, ლიტერატურის მუზეუმი, თეატრის და კინოს მუზეუმი თბილისში და გადაარჩინა ანჩისხატის ტაძარი დანგრევას. შემდეგ რუსეთში დააარსა ანდრეი რუბლოვის მუზეუმი”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღეს მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
„თქვენო უწმინდესობავ! ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ასეთ რთულ დროს გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. ასევე, გისურვებთ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს მრევლს! ქრისტესმიერი სიყვარულით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, – წერია მილოცვის წერილში.