გამახარია: რუსეთს აფხაზეთისთვის დღემდე არ მიუწოდებია ელექტროენერგია, აფხაზებს ულტიმატუმს უყენებს

რაც დღეს აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისის კუთხით ხდება, გასანკუთრებულია იმით, რომ რუსეთს აფხაზეთისთვის დღემდე არ მიუწოდებია ელექტროენერგია – ის, რაც ენგურჰესიდან დააკლდათ, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამახარიას თქმით, რუსეთი ცდილობს, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მის საკუთრებაში გადავიდეს და ამისთვის აფხაზებს ულტიმატუმს უყენებს.

„ერთ-ერთი მწვავე თემა, რომელიც აფხაზეთში განიხილება და მთელ მოსახლეობას ეხება, ენერგეტიკული კრიზისია. აფხაზეთისთვის ენერგეტიკული კრიზისი ახალი არ გახლავთ. მწვავე კრიზისი 2015-16 წლიდან გრძელდება. რაც დღეს ხდება, გასანკუთრებულია იმით, რომ რუსეთს აფხაზეთისთვის დღემდე არ მიუწოდებია ელექტროენერგია, ის, რაც ენგურჰესიდან დააკლდათ. იცით, რომ წყლის დონე ძალიან დაკლებულია, შესაბამისად, ელექტროენერგიის გამომუშავებაც შემცირებულია. ეს ელექტროენერგია აფხაზეთს არ ჰყოფნის, გადამცემი ხაზები დიდი ხანია, დაზიანებულია და აღდგენა სჭირდება, დიდი რაოდენობით ელექტროენერგია იკარგება. იმის გამო, რომ ხაზები ხშირად სხვადასხვა ადგილას წყდება, ელექტროენერგია ითიშება და გრაფიკიც ვერ სრულდება.
რატომ არ მიაწოდა რუსეთმა დღემდე ელექტროენერგია აფხაზეთს, რასაც შარშან, იმის წინ აკეთებდა – ელექტროენერგიას აწვდიდა და ამისთვის ფულს იმ საინვესტიციო ფონდიდან იღებდა, რომელსაც თავად ავსებს. რუსეთი აფხაზეთისთვის ყოველწლიურად საინვესტიციო ფონდს ავსებს. ეს რუსეთის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ამ ფონდიდან საკუთარ ფულს თავადვე იღებდა. დღეს ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა. საქმე რაშია: რუსეთმა უკვე კატეგორიულად დააყენა საკითხი, რომ მთელი ენერგეტიკული ინფრასრუქტურა, რაც აფხაზეთშია, რუსეთის საკუთრებაში უნდა გადავიდეს. ახლა პირდაპირ ულტიმატუმი წამოაყენა: როცა ეს საკითხი გადაწყდება, მერე მოგეწოდებათ ელექტროენერგიაო.
რუსეთი ითხოვს, ელექტროხაზები გადაეცეს. ხაზები იმდენადაა დაზიანებული, რომ თავად რუსეთის გაანგარიშებით მის აღდგენა – რეაბილიტაციას 20 მილიარდი რუბლი სჭირდება. რუსეთი ამბობს, გავიღებ 20 მილიარდ რუბლს, რეაბილიტაციას ჩავატარებ, რადგან ამის გადახდის უნარია არ გაქვთ, ამ 20 მილიარდად სისტემას ჩემს საკუთრებაში ავიღებო. რუსეთი ასევე ვარდნილჰესებს მოითხოვს. გალის რაიონის ტერიტორიაზე 4 ვარდნილჰესი მდებარეობს. აქედან ერთი საკმაოდ მძლავრია, 220 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. 3 ვარდნილჰესი არ მუშაობს, რებილიტაცია სჭირდება. რუსეთს უნდა, რომ ეს საკუთრებაში მიიღოს, უფრო მეტიც – ენგურის ელექტროსადგურის მართვის პულტი, რომელიც გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსეთის საკუთრებაში უნდა გადავიდეს“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, რუსეთს სურს, შეიცვალოს ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ე.წ. კანონი, რომლის ძალითაც, ენერგეტიკული სისტემა სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს და პრივატიზაციას არ ექვემდებარება.

„აფხაზეთს ელექტროენერგიის შესახებ დე ფაქტო კანონი აქვს, რომლის ძალითაც მთელი ენერგეტიკული სისტემა სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს და პრივატიზაციას არ ექვემდებარება. რუსეთი ამ კანონის შეცვლას და პრივატიზაციის დაშვებას ითხოვს.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კანონპროექტში ასეთი ცვლილება უკვე შეიმუშავა, მაგრამ საზოგადოების შიშით, იმის გამო, რომ საზოგადოება ამას აპროტესტებს, ცვლილების განხილვა დაწყებული არაა. მოსკოვსა და სოხუმს შორის ეს ჭიდილი მიდის. რუსეთი ცდილობს, მთელი ინფრასტრუქტურა ხელში ჩაიგდოს. აფხაზებმა კარგად იციან, რომ ამ შემთხვევაში ელექტროენერგიისთვის რუსულ ფასებს გადაიხდიან, საფასური ათჯერ მაღალი იქნება. მთელი საზოგადოება ამის წინააღმდეგია. დე ფაქტო ხელისუფლება კი ამაზე წავიდა და აქედან გამომდინარე აფხაზურ საზოგადოებაში ძალიან დიდი დაპირისპირებაა“, – განაცხადა გამახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები