კულტურის სამინისტროში „სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში „სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართება. ფონდს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში წარადგენენ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი „სოლიდარობის ფონდის” საქმიანობას ივლისის თვიდან შეუერთდა.
პრეზენტაციის მიზანია „სოლიდარობის ფონდის” იდეის შესახებ საჯარო უწყების თანამშრომლების ინფორმირება და აღნიშნულ პროექტში მათი ჩართულობა. „სოლიდარობის ფონდი” მიზნად ისახავს საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის არასაბიუჯეტო, ალტერნატიული რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფას და პრიორიტეტულ, სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას.
ფონდი ორიენტირებულია ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი, ბავშვების ძვირად ღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. „სოლიდარობის ფონდში” პირველი შენატანი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმაც განახორციელეს. პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები: კახი კანდელაკი, მანანა ბერიკაშვილი, გიორგი ბაქრაძე, ასევე უწყების დეპარტამენტების, სამმართველოების ხელმძღვანელები და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლები.