ნინო წილოსანი: მძიმე პანდემიის და რეგიონში მიმდინარე საომარი და გეოპოლიტიკური მოცემულობის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა. მან თავისი გამოსვლა ოპოზიციის მისამართით გაკეთებული განცხადებით დაიწყო და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა არც კი აინტერესებს.

„თითქოს საზოგადოება კიდეც შეაჩვიეს, რომ პარლამენტში პოლიტიკური დღის წესრიგი მხოლოდ გამოგონილ რეალობაზე მსჯელობა და უსაგნო კამათია. ალბათ, ვერცერთ დებატს ვერ გაიხსენებთ, სადაც ხალხისთვის მნიშვნელოვანი, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე საინტერესო თემებზე სიღრმისეული და შინაარსიანი დებატები გვქონოდა. ეს შეიძლება, გარკვეულწილად, ჩვენთვის, როგორც მმართველი გუნდისთვის კარგიც იყოს, მაგრამ პრინციპში, დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ოპოზიცია ხელისუფლების ნაწილია და მათი როლი, როგორც ოპონირების ნაწილში, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სწორი დებატების შემოთავაზება პროცესს კიდევ უფრო ჯანსაღს ხდის. თუმცა ამ მოცემულობას რადიკალურად ვერ შევცვლით. მე უბრალოდ მინდა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გავამახვილო ყურადღება.
მარტივად შეიძლება ვთქვათ ხომ, რომ ორწლიანი მძიმე პანდემიის და რეგიონში მიმდინარე საომარი და გეოპოლიტიკური მოცემულობის ფონზე, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება. მაგრამ რეალურად, თუ სიღრმისეულად შევხედავთ, ეს სტაბილურად განვითარება ძალიან გააზრებული, არითმეტიკული სიზუსტით გათვლილი ნაბიჯების შედეგია და ამის არ დაფასება და იგნორირება ნამდვილად არ იქნება სახელმწიფოებრივი თუნდაც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან. მაშინ, როდესაც 2022 წელს პირველ შვიდ თვეში 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ეს რიგმა ადამიანებმა იმისთვის გამოიყენეს, რომ სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცათ – თითქოს რუსეთთან და რაღაც არაკეთილსინდისიერ ქმედებებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ამ ადამიანებს მინდა, შევახსენო, რომ 2021 წელს, სადაც აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევაში მხოლოდ 5%-ზე ოდნავ მეტი იყო ეკონომიკური ზრდა, საქართველოს 10.4%-იანი ზრდა უფიქსირდებოდა. 2022 წელს საქონლის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ექსპორტის წილი 34%-ით არის გაზრდილი. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1.6 მილიარდი აშშ დოლარია, რაც სამჯერ მეტია ვიდრე წინა წელი.
მინდა ყურადღება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გავამახვილო, რომელიც 922 მილიონი აშშ. დოლარია და რომელიც გასული წლის მონაცემებს ორჯერ აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ უცხოელები, ჩვენი პარტნიორები დადებითად აფასებენ საქართველოში იმ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება დგამს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე განცხადებით, არსებულმა მოცემულობამ ხელისუფლებას საშუალება მისცა, 2023 წლის ბიუჯეტი სათანადოდ დაეგეგმა და, შესაბამისად, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იმგვარად მომზადდა, რომ პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასი 20%-ით იზრდება, საჯარო სექტორში კი 10%-იანი ზრდა იგეგმება. ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 770 მლნ. ლარზე მეტი ემატება ბიუჯეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები