ევროპის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 22 აპრილის 00:00-დან 15:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს გორგასლის მოედნიდან, ასევე, მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება ნოე ჟორდანიას სახელობის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბის ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ეკლესიის მიმართულებით.
„სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ როგორც ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ისე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები ასევე იმოძრავებენ ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ ნაწილს, რომელიც ევროპის მოედნის გამოყენებით გადაადგილდება, შეეცვლება მოძრაობის მიმართულება. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები: N102, N301, N310, N331, N345 და მიკროავტობუსები: N550 და N580, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, გორგასლის ქუჩიდან დაუკავშირდებიან კოტე აფხაზის ქუჩას და თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ როგორც ბარათაშვილის ქუჩის, ისე რუსთაველის გამზირის მიმართულებით, დადგენილი მარშრუტის შესაბამისად.
რაც შეეხება N333 მარშრუტს, ავტობუსი ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან აღარ შევა ევროპის მოედანზე და იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მობრუნდება და ისევ ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის აღმართს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი მარშრუტით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.