ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპარლამენტარებმა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ, მისი დანაშაულები უნდა აღიარონ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ, მისი დანაშაულები უნდა აღიარონ.

დეპუტატის შეფასებით, ევროპარლამენტარები საქართველოს დეპოლარიზაციას კი არ ახდენენ, არამედ პოლარიზაციის გამღვივებლებად გვევლინებიან.

„საქართველოში მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს ევროკომისარს და იქნება განხილვა იმ მიღწევების და გამოწვევების, რაც ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გვაქვს, მაგრამ ამ კონტექსტში არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ ის რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროპარლამენტისთვის არის გამზადებული, სადაც, როგორც ყოველთვის, ობიექტური ნაწილის გარდა, ბოლოში პოლიტიკური მინაწერები ჩნდება, რომელიც თავიდან ბოლომდე შეიძლება შეფასებული იქნეს მხოლოდ და მხოლოდ შიდა პოლიტიკური ბრძოლის და გარე პოლიტიკური დაინტერესებული აქტორების ერთობლივი ქმედება. ჩემმა კოლეგამ გააჟღერა, რომ ამ გზაზე მნიშვნელოვანია ნიკა გვარამიას გათავისუფლება და ა.შ. მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ის ევროპარლამენტარები, რომელთა გვარების ჩამოთვლასაც ახლა არ დავიწყებ, აღიარებენ იმას, რომ ნიკა გვარამიას და მის პოლიტიკურ გუნდს „რუსთავი 2“ ჰქონდათ წართმეული, დაყაჩაღებული და სასამართლომ მათ შორის, სტრასბურგის სასამართლომ ის კანონიერ მფლობელს დაუბრუნა?! აღიარონ ეს. აღიარებენ იმას, რომ ის 7 მილიონი, რომელიც უკვე სასამართლოს მიერ კანონიერ მფლობელთან დაბრუნებული „რუსთავი 2“-დან გაიტანეს და გაძარცვეს იმიტომ, რომ მფლობელს მაქსიმალურად ცარიელი ლოგო დაბრუნებულიყო, აღიარებენ ამას?! თუ პირდაპირ უგულებელყოფენ საქართველოს კანონსაც, სასამართლოსაც, საზოგადოებრივ აზრსაც და ჯიუტად მოითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც მათი პოლიტიკური პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონების გათავისუფლებას სჭირდება. თუ ისინი თვლიან, რომ ეს დანაშაულები ჩადენილია, შესაბამისი შეფასება გააკეთონ და მერე სთხოვონ პრეზიდენტს, რომ ამ ადამიანის შეწყალება მოხდეს, ან დაელაპარაკონ „რუსთავი 2“-ის მფლობელებს როგორ უყურებენ ისინი ამ საქმეს და თუ მედია თავისუფლებაა ამოსავალი წერტილი, ვინც რამდენიმე მედიის დაყაჩაღებაში არის მთავარი მონაწილე ფიგურანტი, შეიძლება თუ არა ის მედიაზე მოძალადე მედიათავისუფლების სიმბოლოდ ითვლებოდეს? ეს შეკითხვები საზოგადოებას აქვს და გამრუდებული სარკიდან მიღებულ პასუხებს იღებს ამ პირებისაგან”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ანალოგიურად, ევროპარლამენტარების მისამართით კითხვები არსებობს სააკაშვილთან დაკავშირებითაც.

“ანალოგიურად ეხება ეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. თვლიან ეს ადამიანები, რომ მის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლებრივი დანაშაულები დანაშაულია?! თვლიან, რომ საქართველოში დივერსიული წესით შემოპარვა ემსახურებოდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას? ამის შემდეგ ისაუბრონ ჰუმანური წესების აღსრულებაზე. ამავდროულად, თვლიან, თუ არა, რომ კეზერაშვილს აქვს უფლება არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიების და მედიების დამფინანსებელი იყოს, ადამიანი, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. ეს კითხვები ალბათ იქ ამ ადამიანების კაბინეტებში სიღრმისეულად არ განიხილება, ზედაპირზე მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ეს დაუოკებელი ჟინია, ამით ისინი საქართველოს დეპოლარიზაციას კი არ ახდენენ, საქართველოში პოლარიზაციის გამღვივებლებად გვეჩვენებიან, ამიტომ, ჯერ ამაზე თქვან პასუხი“, – აღნიშნავს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები