თავდაცვის სამინისტროში „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა

   საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ .
როგორც სამინისტროპში აცხადებენ, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა მიაწოდეს. მათ პროექტის მიზანსა და ამ მიმართულებით აპრობირებულ საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს.
უწყების ინფორმაციით, ფონდი 2014 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. მის მიზანს საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისთვის ალტერნატიული, არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზება და პრიორიტეტული სოციალური საჭიროებებისკენ მიმართვა წარმოადგენს. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტებისთვის აუცილებელი ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე. პირველი ბენეფიციარები ონკოლოგიური დაავადებების მქონე პედიატრიული და ზრდასრული პაციენტები იქნებიან. უახლოეს მომავალში შეზღუდული შესაძლებლობებისა და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მხარდაჭერა იგეგმება.
ირაკლი ალასანიამ სტუმრებს მნიშვნელოვანი ინიციატივისა და საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო აღნიშნულ ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პროგრამაში თავდაცვის სამინისტროს 1 100 თანამშრომელი უკვე ჩართულია.
23 აგვისტომდე იგეგმება ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი სხდომის ჩატარება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. სამეთვალყურეო საბჭოში, ისევე როგორც მუდმივმოქმედ კომისიაში, იქნება უწყებათაშორისო წარმომადგენლობა სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების სახით.
ფონდი, რომლის საქმიანობაც გამჭვირვალეა, საზოგადოებას ანაგარიშს ეტაპობრივად ჩააბარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები