ლევან ყიფიანი: ხელისუფლება მზადაა, ოლიმპიადის ორგანიზებისთვის 20 მილიონი დოლარი გაიღოს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი 2018 წელს საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება და წარსული დიდების აღდგენისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
“ვულოცავ მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას. ჩვენი ქვეყანა ახლო მომავალში კიდევ ერთ უმაღლესი რანგის სპორტულ შეჯიბრებას უმასპინძლებს. ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ოლიმპიადის ორგანიზებისთვის 20 მილიონი დოლარი გაიღოს და უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს იმ 170 ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც 2018 წელს ბათუმს ეწვევა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ჩატარებული ოლიმპიადა საუკეთესოდ იქნება ორგანიზებული და არა მხოლოდ მოჭადრაკეებისა და გულშემატკივრების, არამედ საერთაშორისო ფედერაციების ხელმძღვანელთა მოწონებასაც დაიმსახურებს”, – აღნიშნა ყიფიანმა.
კონგრესის მონაწილეებს ბათუმი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და მისმა პირველმა მოადგილემ, ტრომსიოში ევროპის საჭადრაკო კავშირის პეზიდენტად არჩეულმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა წარუდგინეს. ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში გამართულ ფიდეს კონგრესზე საქართველოს ზღვისპირა კურორტმა 93 ხმა მიიღო, სამხრეთ აფრიკელებს კი 53-მა დაუჭირა მხარი. ასევე სიტყვით გამოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. ლევან ყიფიანის თქმით, ქართული სპორტის ისტორიაში ჭადრაკს გამორჩეული ადგილი უკავია, რისი დასტურიც ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკეების მიერ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული წარმატებებია.
“ქართველები ჭადრაკს ყველგან თამაშობენ და თავიანთი საჭადრაკო წარსულით ამაყობენ. 1962 წელს ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 14 წლის მანძილზე მან 5-ჯერ დაიდგა გვირგვინი. 1978 წელს საჭადრაკო გვირგვინი საქართველოში დარჩა, ქალბატონმა ნონამ მსოფლიოს ჩემპიონობა მაია ჩიბურდანიძეს გადაულოცა, რომელმაც 1991 წლამდე, 13 წლის მანძილზე, ასევე ხუთჯერ მოიპოვა ეს წოდება. ქართველი მოჭადრაკე ქალები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოთხჯერ გახდნენ ოლიმპიადის გამარჯვებულები! 2003 წელს, ქართული ჭადრაკის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონი ვაჟთა შორის ქართველი დიდოსტატი, ზურაბ აზმაიფარაშვილი გახდა. ამ საჭადრაკო ისტორიამ შექმნა საერთაშორისო დონის ტურნირების გამართვის ტრადიციაც საქართველოში: ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე კახეთი დღეს ფიდეს ქალთა გრან-პრის სერიებს იღებს, აჭარა კი, არაერთხელ იყო მსოფლიო საჭადრაკო ტურნირების მასპინძელი”, – აღნიშნა მინისტრმა.