ლისაბონის ლეგენდარული ფუნიკულიორის, „გლორიას“ ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების ეროვნული სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, დაშავებულთაგან ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ტრამვაის მსგავსი ფუნიკულიორი, რომელიც ტურისტებში პოპულარულია, პრაქტიკულად განადგურებულია და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს ნანგრევებიდან ადამიანები ამოჰყავთ.
ხელისუფლება არ ასახელებს მსხვერპლთა ვინაობას და არც მათ ეროვნებას, თუმცა აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კავშირზეა ლისაბონის ხელისუფლებასთან და მზადაა „საკონსულო დახმარება გაუწიოს, თუ ვინმე დაშავებული ბრიტანელი მოქალაქე იქნება“.
ლისაბონის მერმა კარლოს მოედასმა განაცხადა, რომ ტრაგიკული შემთხვევის გამო, მსხვერპლთა ხსოვნისთვის სამდღიან გლოვას გამოაცხადებს.
„გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ლისაბონი გლოვობს“, – დასძინა მან.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამ გამოიწვია ავარია, რომელიც ამ საღამოს მოხდა.
თვითმხილველებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ ფუნიკულიორი, როგორც ჩანს, კონტროლიდან გამოვიდა და გორაკიდან ჩამოვარდა.
გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ დაიშალა ვაგონი ავარიის შედეგად.