ტყიბულის საპატიო მოქალაქის წოდება ლევან ჯაფარიძესა და ბეჟან წაქაძეს მიენიჭათ
ტყიბულქალაქობა და მეშახტის დღე მასშტაბური მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა, სადაც ტყიბულის საპატიო მოქალაქის წოდება ლევან ჯაფარიძესა და ბეჟან წაქაძეს მიენიჭათ. ამის შესახებ ინფორმაციას „რეპორტიორი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქი სადღესასწაულოდ მოირთო, მოეწყო ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ყვავილებისა და ხილის კუთხეები, საბავშვო, გასართობი და სპორტული აქტივობები.
ინტელექტუალური სპორტის მოყვარულთათვის გაიხსნა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ტყიბული-2025“. მოგვიანებით, ცენტრალური ხელისუფლების, მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ახალი ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლის შენობა და მუნიციპალური ბიბლიოთეკა დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრის რეაბილიტაციის პროცესს.
ტყიბულქალაქობის ღონისძიებები ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა. რის შემდეგაც მაყურებლის წინაშე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტთა ანსამბლი „სულიკო“ წარდგა. გაიმართა ტყიბულის საპატიო მოქალაქეთა დაჯილდოების ცერემონია. საღამო კი, პოპულარული და ყველასათვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი „ურსას“ გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.