ლევან მაჭავარიანი: კარგად ვიცით, როგორი იყო თბილისი 8 წლის წინ და როგორი არის დღეს – კახა კალაძეს თბილისის პულსზე ხელი უდევს, თითოეული უბნის დონეზე იცის ყველა პრობლემა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი კახა კალაძის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.
როგორც მან შტაბის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კახი კალაძე არის უკონკურენტო.
„ქართული ოცნება“ არის პარტია, რომლის წევრობაც ჩემთვის არის სიამაყე. მე ვარ ამაყი იქიდან გამომდინარე, რომ ვარ გუნდის წევრი, რომლის ფილოსოფიაც, რომელსაც საფუძველი თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა თავიდან ბოლომდე ეფუძნება ადამიანის თავისუფლების და ღირსების იდეას. მე ვარ ამაყი, რომ ვარ იმ პარტიის წევრი ვის პირობებშიც საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი და სამართლებრივი სახელმწიფო. მე ვარ ამაყი იმიტომ, რომ ვარ იმ პარტიის წევრი, რომლის პირობებში ყველა გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ მიიღება საქართველოშივე. იყო ამ პარტიის დედაქალაქის შტაბის ხელმძღვანელი არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ძალიან დიდ პატივთან ერთად, რა თქმა უნდა.
კახი კალაძის მთლიანი ცხოვრება არის ასოცირებული წარმატებასთან და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს წარმატება ციდან არ ჩამოვარდნილა. ჩვენ თითოეულმა კარგად ვიცით თუ რა შრომის ფასად დაუჯდა კახი კალაძეს ის წარმატება, რა წარმატებაც აქვს ცხოვრებაში მიღწეული. ჩვენ კარგად ვიცით, როგორი იყო ჩვენი დედაქალაქი 8 წლის წინ და როგორი არის ჩვენი დედაქალაქი დღეს. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისი არის ევროპული სტანდარტების დედაქალაქი.
დედაქალაქის მართვას სჭირდება ძალიან დიდი გამოცდილება და კახი კალაძემ ეს გამოცდილება უკვე ჭარბად დააგროვა. ყველას კარგად გვესმის, რომ დედაქალაქში რჩება პრობლემები თუმცა მომდევნო 4 წლის განმავლობაში კახი კალაძე თავდაუზოგავად იშრომებს იმისთვის, რომ ეს პრობლემები აღმოფხვრას. ამაში მას ხელს ის გამოცდილება, რომელიც ჭარბად აქვს დაგროვებული და ის, რომ მას თბილისის პულსზე ხელი უდევს და თითოეული უბნის დონეზე იცის ყველა პრობლემა.
მე მინდა მივმართო თბილისელებს. ჩემო ძვირფასო თბილისელებო, ვისაც გიყვართ ეს ქალაქი, ვისაც გეამაყებათ, რომ ხართ თბილისელები თუ გსურთ, რომ ეს განვითარება, აღმშენებლობა გაგრძელდეს არ დაგეზაროთ, აუცილებლად მოდით 4 ოქტომბერს და გააკეთეთ სწორი არჩევანი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.